ფინანსები
29/10/2020

ADB-იმ საქართველოს ეკონომიკის აღდგენისთვის $200 მლნ გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 200 მლნ დოლარის სესხი დაამტკიცა კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზიანისგან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, - ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

ბანკის ცნობით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის ხელშემწყობი პროგრამა ADB-ის დახმარების საყოველთაო და ინტეგრირებული პაკეტის ნაწილია, რომელიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე პანდემიით მიყენებული ზიანის შესარბილებლად.

ADB-ის უმცროსი სპეციალისტის, როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სამის განცხადებით, „პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“-ის ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად. ასევე, კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად“.

მისივე თქმით, პროგრამა დაეხმარება ხანდაზმულ მოქალაქეებს, ვინც „კოვიდ-19“-ის შედეგების წინაშე განსაკუთრებით დაუცველია.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა უმეტესად ეფექტურად უმკლავდება კოვიდ-19-ის გავრცელების შეკავებას, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკაზე ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესამჩნევი შენელებით. პანდემიამ ასევე გააჩინა დიდი ფისკალური გარღვევა, რადგან მთავრობის ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა გაზარდა სახელმწიფო ხარჯვა, ხოლო საგადასახადო შემოსავლები შემცირდა.

როგორც საფინანსო ინსტიტუტში აცხადებენ,  ADB-ის პროგრამა მიმართულია სახელმწიფო ფისკალური რისკების მართვის გაძლიერებისა და მთავრობის ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრების გაღრმავებისკენ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მთავრობის ვალის შემცირების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს რეფინანსირების საჭიროებისა და სავალუტო რისკების შემცირებას, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელისშემშლელი ფაქტორია. მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი ეკონომიკის აღდგენის წინაპირობაა.

პროგრამა ასევე დაეხმარება კრიზისის დროს გაზრდილი სოციალური დაცვის პროგრამების ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას. ხელს შეუწყობს ხანდაზმული მოქალაქეებისთვის მთავრობის ეროვნული საპენსიო სქემის რეფორმას და სხვა სოციალური დაცვის სისტემებს ეკონომიკური ზრდის ინკლუზიური აღდგენისთვის.

პროგრამა ADB-ის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული 100 მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და „კოვიდ-19“-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.