ADB $40 მილიონამდე ინვესტიციას GGU-ს ობლიგაციებში ჩადებს
აზიის განვითარების ბანკი (ADB) სს Georgia Global Utilities-ის (GGU) მიერ გამოშვებულ, დაახლოებით $20 მილიონის ოდენობის ინვესტიციას მწვანე ობლიგაციებში ჩადებს. გაყიდვებიდან შემოსული თანხები თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას, და ასევე, განახლებადი ენერგიისა და ამ სექტორში ოპერაციების რეფინანსირებას მოხმარდება. აზიის განვითარების ბანკი ასევე გაუწევს ადმინისტრირებას Leading Asia's Private Infrastructure Fund (LEAP) მიერ დამატებით დაახლოებით $20 მილიონის ინვესტიციას.
აღნიშნული თანხები GGU-ს მიერ გამოშვებული $250 მილიონის ოდენობის 5-წლიანი მწვანე ობლიგაციების ინვესტიციის ნაწილია—საქართველოს მიერ გამოშვებული პირველი მწვანე ობლიგაციები—ირლანდიის გლობალური ფასიანი ქაღალდების ბირჯაზე განთავსდება. GGU ჰოლდინგს ორი ძირითადი ბიზნეს მიმართულება გააჩნია, განახლებადი ენერგია და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, უკანასკნელი კი მისი შვილობილი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power LLC) მიერ ხორციელდება—საქართველოში უმსხვილესი კერძო საკუთრებაში არსებული კომუნალური მომსახურების კომპანია, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
"აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობა უზრუნველყოფს თბილისისა და შემოგარენის 24-საათიან წყალმომარაგებას და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გამართულ ფუნქციონირებას," განაცხადა შანტანუ ჩაკრაბორტიმ, კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების განყოფილების დირექტორმა. "აზიის განვითარების ბანკის ინვესტიცია პოტენციურ ინვესტორებს დაანახებს საქართველოს კერძო სექტორში სახარბიელო საინვესტიციო შესაძლებლობებს წყალმომარაგებისა და სუფთა ენერგიის ინიციატივების სახით."
კომპანია „საქართველოს კაპიტალი“-ს (Georgia Capital) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა: „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ GGU-მ საქართველოში პირველი მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციამ ინვესტორთა დიდი ყურადღება მიიქცია, ამ უპრეცედენტო დროს კაპიტალზე წვდომის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის მადლიერები ვართ მის მიერ ტრანზაქციაში წამყვანი ინვესტორის როლის გაწევისთვის.“
GGU „საქართველოს კაპიტალი“-ს (Georgia Capital) სრულ მფლობელობაშია და მას 100%-ით ფლობს „Georgia Capital PLC“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გაცხადებული.
აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციების დიდი ნაწილი GGU-ს მიერ საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს მოხმარდება, და საშუალებას მისცემს კომპანიას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გააუმჯობესოს წყლისა და წყალარინების ქსელი და მომხმარებლები სტაბილური და ხელმისაწვდომი წყალმომარაგებით უზრუნველყოს.
Leading Asia's Private Infrastructure Fund (LEAP) 2016 წელს შეიქმნა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს $1.5 მილიარდის კაპიტალდაბანდების ვალდებულებით. მისი მიზანია აზიის განვითარების ბანკის წევრ ქვეყნებში მაღალი ხარისხის და მდგრადი კერძო სექტორის პროექტების ხელშეწყობა ნახშირორჯანგის ემისიების შემცირების და ენერგოეფექტურობის ამაღლების მიზნით და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შესაქმნელად.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.