ფინანსები
29/09/2020

783 ფიზიკური პირი, 23 კომპანია, 0 შემთხვევა - რა შედეგი აქვს თიბისი დაზღვევის COVID-პაკეტს

"თიბისი დაზღვევის" "COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევის პაკეტი" დღევანდელი მდგომარეობით, 783-მა ფიზიკურმა პირმა და 23-მა კომპანიამ 487 თანამშრომლისთვის შეიძინა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა  დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა, საბედნიეროდ, საქართველოში COVID-ის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენ მეზობლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესია. შესაბამისად, როგორც ღაძაძე აცხადებს, დაზღვეულებს შორის მძიმე მიმდინარეობის ან ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დაზღვევა ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე და მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები. ამჟამად, ვმუშაობთ ახალ გაფართოებულ პროდუქტზე, რომელიც ამ რისკებთან ერთად სხვა მსხვილ რისკებსაც დაფარავს და ძალიან მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს,“ - აცხადებს პაატა ღაძაძე.

მისი ინფორმაციით, ეს იყო პილოტური პროექტი და არ იყო შექმნილი იმისათვის, რომ მასობრივ მოხმარებაში შესულიყო. ღაძაძის განმარტებით, პროდუქტის გამოტანის დასაწყისში იყო აქტიურობა, შემდეგ კი შენელდა.

როგორც ცნობილია, „თიბისი დაზღვევამ“ COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევის პაკეტი 2020 წლის აპრილში გამოიტანა ბაზარზე. ის ფარავს მსხვილ რისკებს:

  • თუ დაზღვეული სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდება დაავადების მძიმე მიმდინარეობით,  გაიცემა  ფიქსირებული თანხა 10 000 ლარის ოდენობით.
  • სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტი გულისხმობს დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის 50 000 ლარის ოდენობით ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.

დაზღვევის ღირებულება 19 ლარია და მისი შეძენა 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს on.tbcinsurance.ge-ზე, ერთჯერადი გადახდით შეუძლია. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებს.