$500 მლნ-ის ევროობლიგაციების განაღდების ვადა ახლოვდება - რას გეგმავს მთავრობა
როგორ აპირებს მთავრობა $500 მლნ-ის ევროობლიგაციების განაღდებას ისევ უცნობია. ფინანსთა სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ბონდების რეფინანსირებისთვის ისევ განიხილება რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის საუკეთესო, ფინანსური ბაზრის გლობალურ მოთამაშეებთან კონსულტაციებით შეირჩევა.
პროცესი ამ რეჟიმში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. როგორც როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, წლის ბოლომდე ევრობონდების განაღდების გეგმას გასაჯაროვდება.
"ეს გეგმა გასაჯაროვდება და მათ შორის გასაჯაროვდება ყველა იმ მოთამაშისთვის ვინც დაინტერესებულია და ჩართულია ამ პროცესში. იცით, რომ ჩვენ ევროობლიგაციებს გლობალური ფინანსური ბაზრის მოთამაშეები ფლობენ. ბუნებრივია, ჩვენ მათთანაც გვაქვს კონსულტაციები და მათთანაც მოხდება ამ საკითხის გასაჯაროება, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
გადაწყვეტილება ევრობონრებთან დაკავშირებით, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, წლის ბოლოსთვის იქნება მიღებული.
$500 მლნ-ის ევროობლიგაციების განაღდების ვადა 2021 წლის აპრილია. პანდემიის პერიოდში, 6.8%-ად განთავსებული საქართველოს სუვერენული ობლიგაციების შემოსავლიანობა გაზრდილი იყო, თუმცა ახლა მნიშვნელოვნად 2.4 %-მდე არის დაკლებული, რაც იმედს იძლევა, რომ რეფინანსირება უკეთესი პირობებით მოხდება.