ფინანსები
09/12/2020

“2021 წლის პირველ ნახევარში, ვფიქრობთ, რომ სავალუტო ინტერვენციები საჭირო იქნება“

“საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) წლის ბოლომდე და 2021 წლის პირველ ნახევარში სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება“- ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეკონომიკურმა გუნდმა მოლაპარაკებების შედეგად საკმაოდ დიდი დახმარება მოიზიდა უცხოელი პარტნიორებისგან. ამ დახმარების მიმღები აღმასრულებელი ხელისუფლებაა, ხოლო ხარჯვისას, ის უცხოური დახმარება, რომელიც უცხოურ ვალუტაშია, ეროვნული ბანკის რეზერვებში აისახება, ანუ ყალიბდება კერძო სექტორის უარყოფითი საგარეო სალდო, როდესაც სახელმწიფო სალდო დადებითია და ზუსტად ამ დროს ხდება, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში, რაც ფასების სტაბილურობაა, სავალუტო ბაზრისთვის ვაწარმოებთ ლიკვიდობის მიწოდებას.

ამასთან, ჩვენ ავამოქმედეთ სავალუტო ბაზრისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიწოდების წესებზე დაფუძნებული მექანიზმი და ამასაც აქტიურად ვიყენებდით გარკვეული პერიოდი. ეს წესი დაფუძნებულია პრინციპზე, რომლის მიხედვით, როდესაც ყოველდღიური ლიკვიდობა გარკვეულ ნიშნულს აღემატება, მაშინ ხდება Bloomberg-ის პლატფორმა Bmatch-ის საშუალებით ვალუტის ბაზრისთვის მიწოდება".

კობა გვენეტაძის თქმით, 2020 წლის დასაწყისიდან სებ-მა 886 მლნ დოლარი მიაწოდა ბაზარს და გადაწყვეტილების მიღება ხდება ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაბამისად.

,,დარჩენილ პერიოდში გავაგრძელებთ ინტერვენციებს იქიდან გამომდინარე, თუ რა იქნება ბაზარზე. რაც შეეხება 2021 წელს, ვფიქრობთ, რომ ვალუტის მიწოდება ბაზრისთვის როგორც მინიმუმ, წლის პირველ ნახევარში დაგვჭირდება, თუმცა დღევანდელ პირობებში, გლობალური რეცესიის დროს, მაშინ როდესაც ბევრი რამ ხდება, ისინი ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და პროგნოზების გაკეთება რთულია“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

Businesspartner