ფინანსები
29/03/2021

2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი $2 მლრდ იყო

2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2 მლრდ დოლარი (6.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3%-ია.

2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 560.2 მლნ (1.8 მლრდ ლარი) შეადგინა.

სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1%-ით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9%-დან 13.2%-მდე გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.8%-ით შემცირდა და 887 მლნ დოლარი (2.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 12.4%-ით, ხოლო იმპორტი 15.7%-ით შემცირდა.

2020 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -224.7 მლნ დოლარი (-735.0 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (53.9%-ით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (20.4%-ით).

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 59.5%-ით გაიზარდა და 2020 წლის მეოთხე კვარტალში 645.9 მლნ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 33.9%-ით გაიზარდა. 144.7 მლნ დოლარამდე (473.2 მლნ ლარი) გაიზარდა სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 120 მლნ დოლარი (392.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.8%-ია.