123 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.
“1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 123300 სესხია მიბმული. ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები ავრცელებს. მათი ცნობით სეხების საერთო მოცულობა 6845.7 მლნ ლარია.
1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6686.7 მილიონიდან 6845.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
123300 ხელშეკრულებიდან 35500 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 922.2 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 13.11% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 51100 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.55%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2385.4 მილიონი ლარია.
32700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 1200-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3300 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1107.4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.00%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 2193.7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.14%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.25%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 97.9 მილიონი ლარია.
1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.67%, ხოლო ყველაზე დაბალი - იპოთეკურ სესხებზეა - 11.42%.
1 ნოემბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 15.31%-დან 14.67% -მდე ხოლო, გაზრდილია ავტო სესხზე - 12.97%-დან 13.25%-მდე“-ნათქვამია განცხადებაში.