ფინანსები
15/02/2021

€100 მლნ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაცვლად კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების რეპროგრამირება მოხდება. ხელშეკრულების თანახმად, 100 მილიონი ევროს სესხი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის იყო გამოყოფილი, რომელიც კოვიდპანდემიის გამო ჯანდაცვის სექტორისკენ მიემართება. კერძოდ, მოხმარდება სახელმწიფოს კუთვნილ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მიემართება პანდემიის საწინააღმდეგო ბრძოლისთვის - პირადი დაცვის საშუალებების და ვაქცინის ნაწილში.

საკითხი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„2016 წლის დეკემბრის ხელშეკრულებას წინ უძღოდა 2016 წლის თებერვლის ხელშეკრულება, სადაც ასევე 100 მლნ ევრო იყო გათვალისწინებული. ძველი ხელშეკრულება გაფორმდა თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოიყო თანხები, რაც აუცილებელი იყო თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. იმ თანხის სრულად ამოწურვის შემდეგ შეგვეძლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოყენება. თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულებით გამოყოფილი 100 მილიონი ევროდან 75 მილიონია ათვისებული. დარჩენილი 25 მილიონი ევროს ფარგლებში კი, გარკვეული პროექტებია დაგეგმილი.

როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკთან გვქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სექტორში ახალი თანხის გამოყოფაზე, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 100 მილიონი ევროს რეპროგრამირება გავაკეთოთ. თუ, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე მომავალში დაგვჭრდება რესურსი, ამის შემდეგ გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულება“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც ისაუბრა და აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ ტიპის რესურსის მობილიზება, რადგან ვაქცინაციის პროგრამა სრულად იყოს უზრუნველყოფილი.

„გასული წლის საჭიროებების ანალიზიდან გამომდინარე, კოვიდის პასუხისთვის, მომავალი წლისთვის საჭიროება დაახლოებით 420 მილიონ ევროს შეადგენს. ამაში შედის ყველანაირი საჭიროება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ ტიპის რესურსის მობილიზება, იმისთვის, რომ ვაქცინის პროგრამა სრულად იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, ასევე პირადი დაცვის საშუალებები.

გათვალისწინებულია სახელმწიფო კლინიკების აღჭურვა, რაც წელს უკვე დაწყებულია. კონკრეტულად იქნება შიდსის ცენტრის ახალი შენობის აღჭურვა, რომლის შეძენაზეც სახელმწიფო რესურსი გამოიყო. ასევე გათვალისწინებული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო და უნივერსალური ჯანდაცვის ცენტრი, აგრეთვე რეგიონული ჯანდაცვის საავადმყოფოები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner