ვახტანგ იობაშვილი: საქართველოს სანავთობო ბაზარს დეფიციტი არ ემუქრება
"სადაც იქნება იაფი პროდუქტი, ჩვენ სწორედ იმ ქვეყანაში ვიყიდით საწვავს", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ვახტანგ იობაშვილმა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა განუცხადა. მისი თქმით, ასეთი ქვეყნები ბევრია და საქართველო არ იქნება რუსეთზე დამოკიდებული.
„რუსეთიდან საწვავის შემოტანა გართულებულია. გარდა იმისა, რომ რუსეთში შიდა მოხმარება გაზრდილია, ქვეყანამ ნავთობის მოპოვებაც შეამცირა - უკვე ცნობილია, რომ დეკემბრის თვიდან, 300 ათასი ბარელით შეზღუდავს ექსპორტს. რუსეთი არასდროს ყოფილა სტაბილური ქვეყანა - ამხელა სანავთობო სახელმწიფოს დეფიციტი შეექმნა. ამიტომ, ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ, გადასვლას ევროპულ ქვეყნებზე, რამაც გამოიწვია მიმდინარე წლის ზაფხულში საწვავზე ფასების მატება“, - აღნიშნა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს სანავთობო ბაზარს დეფიციტი არ ემუქრება და საქართველოს საწვავის შემოტანა, რუსეთის გარდა, სხვა ალტერნატიული ბაზრებიდანაც შეუძლია, ისეთებიდან, როგორებიცაა: რუმინეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი და სხვა.. „აღნიშნული ქვეყნების ნაწილიდან საწვავის შემოტანა უკვე დაწყებულია. მხოლოდ გვექნება გარკვეული არითმიები ფასებში, რადგან დამოკიდებული ვიქნებით იმ ქვეყანაზე, რომელიც საწვავს აწარმოებს. გარდა ამისა, საწვავის ევროპიდან შემოტანის შემთხვევაში, სატრანსპორტო ხარჯებიც გასათვალისწინებელია“, - განმარტა ვახტანგ იობაშვილმა.
რაც შეეხება მოლოდინებს საწვავის ფასებთან მიმართებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სანავთობო ბაზარი არაპროგნოზირებადია და ფასებთან დაკავშირებით, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება.
„ე.წ პლატცის ფასი ყოველდღიურად დგება, რომელსაც სანავთობო ბაზარი უნდა დაემორჩილოს, ამიტომ, წინასწარ განსაზღვრა ტარიფების რთულია“, - აღნიშნა იობაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასების აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთ კვირიან ჭრილში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ზე მეტით არის გაზრდილი და ამჟამად მისი ღირებულება 90 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება 6 თვიან პერიოდს, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრენტის ტიპის ნავთობი 12%-ითაა გაძვირებული. აღმასვლის ტენდენციაა რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, ბარელი Urals-ის ფასი 73 დოლარს აჭარბებს. გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე საწვავის ფასები მზარდია საქართველოშიც. ფასები გაზრდილია ყველა ტიპის ბენზინზე და სხვადასხვა ქსელში, ზაფხულის თვეებში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება, საშუალოდ, 70-80 თეთრითაა დაკორექტირებული.