"თუ მიზანი არაა ნებისმიერ ფასად ნამახვანის პროექტის დაბლოკვა, ოპონენტებმა პასუხები უნდა მოისმინონ"
პროცესების წინ წასაწევად აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, დებატები და კითხვა-პასუხის რეჟიმი, - აცხადებს GALT&TAGGART-ის უფროსი ანალიტიკოსი ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე.
მარიამ ჩახვაშვილი აცხადებს, რომ ცალმხრივი ბრალდება-თავის მართლების გზით ვერც ერთ პროექტზე წინ ვერ წავალთ.
"არ უნდა დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ბრალდება, თუმცა მეორე მხრივ, ბრალმდებელმაც უნდა მოისმინოს პასუხი, გაიაზროს, დასაზუსტებელი დააზუსტოს და იყოს ობიექტური. მხოლოდ პროტესტი და მეორე მხარის პოზიციის არ მოსმენა, მით უმეტეს, როდესაც სპეციალურად და დამატებით კეთდება განმარტებები, ეჭვს აჩენს მაპროტესტებელი მხარის კეთილგონიერებასა და მიზნებთან დაკავშირებით. თუ მიზანი არაა ყველანაირ ფასად პროექტის დაბლოკვა და მართლა მის კონკრეტულ ასპექტებზე შესტკივათ გული, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მიიღონ შესაბამისი პასუხები.
ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა, კითხვებზე პასუხი მოვისმინოთ კონკრეტული ექსპერტებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროექტზე და მოამზადეს დოკუმენტაცია საბოლოო სახით. სწორედ მათ შეეძლებათ დეტალებში ჩასვლა და სრული, ყოვლისმომცველი და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება კონკრეტული პროექტის შესახებ. ასეთი პირები უნდა დავაყენოთ წინა პლანზე, ისინი ვალაპარაკოთ და დავუსვათ კითხვები. ჩემი აზრით, ამ პროცესში უდიდესია მედიის როლი და ის აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, შუამავალი მხარეებს შორის და ემსახურებოდეს ნებისმიერი საკითხის ყველა მხარის გაშუქებას", - განმარტავს ,არიამ ჩახვაშვილი.