"წლის ბოლომდე 118 მგვტ სიმძლავრის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლას ველოდებით"
“წლის ბოლომდე 118 მგვტ. სიმძლავრის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლას ველოდებით,”- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ახალი მიდგომის შედეგად, კერძო სექტორი გააქტიურდა და ორიენტირებულია პროექტების დროულად დასრულებაზე, რათა მალევე მოხდეს მისი ექსპლუატაციაში შესვლა. აღნიშნული 118 მგვტ. სიმძლავრე კი დაახლოებით, 500 მლნ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგიაა, რაც ტურაშვილის განმარტებით, დაახლოებით ქვეყნის სრული მოხმარების 5%-ს ნიშნავს.
"დღეის მდგომარეობით, ჩვენ იმპორტდამოკიდებულები ვართ და თვითკმარი ენერგია არ გვაქვს, რის გამოც ზამთრის თვეებში ჩვენი ელექტროენერგია დეფიციტურია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის მიმართვა გვიწევს, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიით დავაკმაყოფილოთ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანას უხვი რესურსი აქვს, როგორც ქარის, ასევე ჰიდროსა და მზის ელექტროენერგიის მიმართულებით,"-აცხადებს ტურაშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის თქმით, მხვილ პროექტებს მარეგულირებლის ფუნქცია აქვთ, რომლის საშუალებითაც გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში კონკრეტული უხვი ნალექის მოგროვებაა შესაძლებელი, ხოლო დეფიციტურ პერიოდში მისი გამოყენება ხდება. შესაბამისად, როგორც ტურაშვილმა განაცხადა, მსხვილი პროექტები საქართველოს იმპორტდამოკიდებულობის შემცირებასა და ელექტროენერგიის თვითკმარობას უზრუნველყოფს.