ენერგეტიკა
22/04/2021

"თელასი" და "ენერგო პრო" ელენერგიის უნივერსალური მიწოდების საქმიანობას გააგრძელებენ

„ენერგოპრო ჯორჯია“ განაწილების ლიცენზიის მისაღებად ემზადება.

ენერგოკომპანიებს (თბილისში “თელასს” და რეგიონებში - “ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილებისა და მიწოდების ერთმანეთისგან გამიჯვნისთვის ვადა პირველ ივლისამდე აქვთ.

სემეკის ინფორმაციით, ახალი ვალდებულებების შესასრულებლად “ენერგო პროს” მსგავსად, მზადაა “თელასიც.” შესაბამისად, ელექტროენერგიის უნივერსალური მიმწოდებლის საქმიანობაში ორივე კომპანია რჩება.

როგორც სემეკის წევრმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გაყოფისთვის „თელასიც“ და „ენერგო პროც“ მზად არიან.

„მათ გაიარეს ყველა საჭირო პროცედურა. დააფუძნეს ახალი კომპანიები. სემეკში შემოიტანეს განაცხადები ლიცენზიების მისაღებად. დღეის მდგომარეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და ვადა იქნება დაცული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, კითხვები არის ორივე მხრიდა, თუმცა ეს ბუნებრივი მომენტია, საქმე გვაქვს მნიშვნელოვან პროცედურებთან, ფაქტობრივად გადმოგვაქვს ევროკავშირის კანონმდებლობა. რაც მთავარია, ძირეული ან გადაულახავი პრობლემა არ დგას,“ - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

მისივე ინფორმაციით, ორივე კომპანია რჩება როგორც განაწილების ისე მიწოდების საქმიანობაში.

„რაც შეეხება უნივერსალურ მიწოდებას, თელასის მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია ვიცით. „ენერგო პროსთან “ კი ინტენსიური სამუშაოების შედეგად მივაღწიეთ კონსესუსს და შესაბამისად, „ენერგო პროც“ ჩაერთვება უნივერსალური მიმწოდებლის საქმიანობაში. რთულია, რომ რეფორმის პირველივე ეტაპზე ახალი კომპანია შემოიყვანო ამ სეგმენტში. მომავალში, რა თქმა უნდა, ჩატარდება ტენდერები და სწორედ ტენდერის საშუალებით გამოვლინდება ელექტროენერგიის უნივერსალური მიმწოდებელი,“ - განმარტა სემეკის წევრმა.

გიორგი ფანგანის თქმით, ელექტროენერგიის უნივერსალურ მიმწოდებელს ექნება სემეკის მიერ რეგულირებადი ტარიფები და არ ექნებათ იმის საშუალება, რომ ამ ფასებზე დაბლა ჩამოვიდნენ. თუმცა, თავისუფალი მიმწოდებლის ტარიფები დერეგულირებული იქნება.

„ე.წ. თავისუფალ მიმწოდებელს ექნება პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და ასე შემდეგ. მან თავის მომხმარებლებს შეიძლება შესთავააზოს გადახდის ალტერნატიული პირობები. მაგალითად, ზოგიერთ კომპანიას შესაძლოა აწყობდეს, რომ მისი კომუნალური ხარჯები საკუთარი ბიზნესგეგმის მიხედვით, პირობითად, სამ თვეში ერთხელ დაფაროს. ამ პირობებს უნივერსალური მიმწოდებელი ვერ დაუკმაყოფილებს. თავისუფალი მიმწოდებელი, რომელიც სემეკისგან არ რეგულირდება კი ამის შესაძლელობას მისცემს. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ელექტროენერგიის უნივერსალური და საჯარო მიმწოდებელი ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ რეგულირებადი ფასებით, რაც შეეხება ნებისმიერ სხვა პირს, იქნება თავისუფალი მიმწოდებლის სტატუსით. მას ექნება გარკვეული ვალდებულებები ჩვენ მიმართ, მაგრამ ეს არ შეეხება ფასწარმოქმას,“ - განმარტა გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის თავისუფლი მიწოდების საქმიანობის მზაობა უკვე გამოთქვა ორმა კომპანიამ.

„მათ უკვე გაიარეს ჩვენთან კონსულტაციები. მათ აქვთ იმედი, რომ ამ სეგმენტში შევლენ და საკუთარ ნიშას დაიკავებენ. მით უმეტეს, კანონი ითვალისწინებს, რომ გარკვეულ მომხმარებლებს ყოველწლიურად მოუწევთ უნივერსალური მიმწოდებლის კალათიდან გასვლა. ბოლოს უნივერსალის ქოლგის ქვეშ დარჩებიან მხოლოდ ფიზიკური პირები და მცირე კომერციული მომხმარებლები. ბაზრის საბოლოო გახსნა კი გათვალისწინებულია 2026 წლისთვის,“ - აცხადებს გიორგი ფანგანი.

შეგახსენებთ, რომ „თელასსა“ და „ენერგო პროს“ მიწოდებისა და განაწილების საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნა 2020 წლის ბოლოსთვის ევალებოდათ, თუმცა რეგულაცია ექვსი თვით, 1 ივლისამდე გადავადდა.

Businesspartner