"თბილისი ენერჯი“ კერძო კომპანიაა, ვერ მივუთითებთ რა უნდა გააკეთოს" - თურნავა გაზის ტარიფზე
ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ „თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის არ გააძვირებს.
"თბილისი ენერჯი“ კერძო კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ ვერ მივუთითებთ, თუ რა უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით ტარიფების ნაწილში, რომელიც კომერციულ ტარიფებს ეხება. კომპანიასთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და იმედიანად ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. არც მათ უარყვეს ეს“, - განაცხადა თურნავამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "თბილისი ენერჯის" პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. "ბიზნესპარტნიორი" დაუკავშირდა კომპანიას. "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიაში მსჯელობა მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ “თბილისი ენერჯი" , 2021 წლის 3 იანვრიდან, თბილისში, კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირებას ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით აპირებს. ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება. კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებენ, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა. შეცვლის თუ არა კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ეს ჯერჯერობით უცნობია.