შემეცნებითი ტური "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში
ახალი თაობის ენერგეტიკით დაინტერესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შემეცნებით ტურს აგრძელებს. ამჯერად კომპანიამ თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეები თავდაპირველად სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ, მოინახულეს ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია ზოგადად ენერგეტიკასა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.
შემეცნებით ტურს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ახორციელებს. ტურის ფარგლებში, სსე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაეცნონ ქვეყნის ენერგომომარაგების საკვანძო ობიექტის ფუნქციონირებას, მიიღონ მეტი ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებული თუ სამომავლო პროექტების შესახებ, დაინტერესდნენ ენერგეტიკის დარგით, რაც შეიძლება მათთვის პროფესიის შერჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.