სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მდგომარეობა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.
საჯარო სხდომაზე სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორისათვის 2022 წელი გამოწვევებით და შესაძლებლობებით იყო სავსე. რთული გეოპოლიტიკური ფაქტორების მიუხედავად, კომისიამ შეინარჩუნა ენერგიის ფასების სტაბილურობა.
„მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, შესაძლებელი გახდა ტარიფების შენარჩუნება არსებულ ნიშნულზე. კომისია დეტალურად იხილავს და აკონტროლებს თითოეულ თეთრს, რომელიც გათვალისწინებულია ტარიფში. 2014 წლიდან სემეკი ტარიფებს ადგენს გამჭვირვალე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ტარიფი წარმოადგენს რთულ სტრუქტურას, რომლის გაანგარიშებაც ხანგრძლივი პროცესია და მხოლოდ მარტივი დათვლებით, შეუძლებელია ტარიფის დადგენა. ტარიფის კალკულაციაზე მუშაობს მთელი გუნდი, კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ღია და გამჭვირვალე პრინციპით, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სემეკის მიერ რეგულირებული სექტორების მდგრადი და ურყევი განვითარებისათვის, სამართლიან პრინციპებზე დადგენილი ტარიფი წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას. ლარის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებაში წარმოადგენს ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის ცვლილებებიდან გამოწვეულ გავლენებსაც პირველ რიგში, სემეკი აკონტროლებს და ასახავს ტარიფში.
სემეკის მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ მომხმარებლების წვდომა მაღალხარისხიან მომსახურებაზე, აქედან გამომდინარე აქტიურად ვმუშაობთ რეგულირებად სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მომსახურებებზე, რაც მათ ხელს შეუწყობს ენერგეტიკასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვარებაში. კომისია აქტიურად ნერგავს მომსახურებისა და მონაცემთა ანალიზის ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც აუმჯობესებს რეგულირების ხარისხს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებზე და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაარსებაზეც. სემეკის თავმჯდომარის თქმით, ცენტრი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას ენერგეტიკის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისთვის.