ენერგეტიკა
03/11/2023

სემეკი ქსელთან მიერთების საფასურის გადახედვას არ გეგმავს

15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების საფასურის გადახედვას სემეკი არ გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტარიფებით  გენერაციის ობიექტების ნაწილი კვლავ უკმაყოფილოა, მარეგულირებელში დადგენილ წესში ცვლილების შეტანის საჭიროებას ვერ ხედავენ.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტა, ამ რეგულაციამდე ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ხშირი იყო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ გამანაწილებელი კომპანიები მათ უფრო მეტს ახდევინებდნენ, ვიდრე ქსელზე დაერთება რეალურად ჯდებოდა.

„ეს არის ახალი მექანიზმი, რომელიც ადრე პრაქტიკულად არ არსებობდა. კომისიამ დაადგინა საშუალო ტარიფი, რაც ჯდება ქსელზე დაერთება და ეს შეადგენს მეგავატზე 300 ათასი ლარს.  ამ ტარიფის გადახედვა არ იგეგმება“-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ქსელზე დაერთების კონკრეტული ტარიფის შემოღებამ ბაზარზე არსებული სიტუაცია მოაწესრიგა და სამართლიანი თამაშის წესები დაამკვიდრა.

„ობიექტებს, რომლებიც შენდება, გააჩნიათ წესი და იციან რამდენის გადახდა მოუწევთ. ამან პროცესი მოაწესრიგა. თუ რამე უკმაყოფილება არსებობს, ეს უკმაყოფილება შესაძლოა, მიერთების წერტილთან ახლოს მყოფი ობიექტების შემთხვევაში არსებობდეს, თუმცა ცალკეულ ობიექტზე ინდივიდუალური დათვლა ვერ მოხერხდება და ამიტომ იქნა უნიფიცირებული წესი ჩვენს მიერ მიღებული.“-აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი თებერვალში დაამტკიცა. მარეგულირებელში განმარტავენ,რომ რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები.