ენერგეტიკა
12/01/2022

საწვავის უმსხვილესი მომწოდებელი რუსეთის ნაცვლად თურქმენეთი გახდა

2021 წელს საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა, ძირითადად იმპორტირებული ბენზინის ხარჯზე. საწვავის ზრდას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ქვეყანაში ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირებს.

მნიშნელოვანია, რომ პირველად საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი თურქმენეთი გახდა, მათ შორის, ის ბენზინის საწვავის (მხოლოდ A-91 ტიპის) ყველაზე დიდი მომწოდებელია. დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კი აზერბაიჯანია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყანაში 1 148 705 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 4%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი პანდემიმამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ძირითადად გაზრდილია ბენზინის საწვავის იმპორტი 8,7%-ით 587 179 ტონამდე, დიზელის საწვავის იმპორტი კი 0.7%-ით 561 526 ტონამდე შემცირდა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 375 883 ტონა (64%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 199 490 ტონა (34%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 11 805 ტონა (2%);

2021 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 244 601 ტონა, რაც იმპორტის 21,3%-ია. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 221 181 ტონა - 19,3%; აზერბაიჯანი - 215 872 ტონა - 18,8%; რუმინეთი - 204 638 ტონა - 17,8%;  ბულგარეთი - 167 708 ტონა - 14,6%; საბერძნეთი - 37 223 ტონა - 3,2%, თურქეთი - 33 021 ტონა (2,9%), იტალია - 14 948 ტონა (1,3), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0,2%) და სხვ.

იმპორტირებული საწვავის 37% ევროპის ქვეყნებზე (რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია) მოდის.