ენერგეტიკა
12/09/2023

საწვავი კიდევ გაძვირდება - "ბენზინის ფასი წლის ბოლომდე 10 -12%-ით გაიზრდება"

საწვავი კიდევ გაძვირდება. როგორც ნედლი ნავთობის, ისე უშუალოდ ბენზინის ფასი წლის ბოლომდე, შესაძლოა, დამატებით 10-12%-ით გაიზარდოს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „გალთ ენდ თაგარტის“  უფროსმა ანალიტიკოსმა გიორგი ბერბერაშვილმა განუცხადა, საერთაშორისო ბირჟებზე, ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების პარალელურად კი, საწვავის ფასი საქართველოშიც იზრდება. სხვადასხვა ქსელში, ბენზინის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, ზაფხულის განმავლობაში ფასები საშუალოდ 70-80 თეთრითაა დაკორექტირებული.

„საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასების აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთ კვირიან ჭრილში ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ზე მეტით არის გაზრდილი და ამჟამად, მისი ღირებულება 90 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება 6 თვიან პერიოდს, ბრენტის ტიპის ნავთობი 12%-ითაა გაძვირებული. აღმასვლის ტენდენციაა რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, ბარელი Urals-ის ფასი 73 დოლარს აჭარბებს. გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების  ფონზე საწვავის ფასები მზარდია საქართველოშიც.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მკვეთრი გაძვირება სამომავლო მოლოდინებმა გამოიწვია. კერძოდ, რუსეთი, საუდის არაბეთი და OPEC-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მიწოდების შემცირებას გეგმავენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს და მსოფლიოს მასშტაბით საწვავს კიდევ უფრო გააძვირებს. ზაფხულში საწვავის გაძვირების კიდევ ერთ მიზეზს, ტრადიციულად, ტურისტული ნაკადების ზრდა და გახშირებული მიმოსვლა წარმოადგენს, რამაც საწვავის მოხმარება გაზარდა.

„რაც შეეხება პროგნოზებს, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შესაძლოა, ნედლი ნავთობის ფასი კიდევ 10-12%-ით გაიზარდოს და 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 100 დოლარი გახდეს. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი ფასები შესაძლოა 110 დოლარამდეც ავიდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერტები ამის მიზეზად OPEC-ის  დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომელმაც ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირება დაანონსა. უკვე ცნობილია, რომ დეკემბრის თვემდე, საუდის არაბეთმა დღიური მოპოვება უნდა შეამციროს 9 მილიონ ბარელამდე, რუსეთი კი 300 ათასი ბარელით შეამცირებს ექსპორტს ასევე დეკემბრის თვიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საწვავის 80% -ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, საწვავის კიდევ უფრო გაძვირებაა ნავარაუდევი საქართველოში. ქართულ ბაზარზე, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდიმარე მოვლენები ასახვას დაახლოებით 2-კვირიდან თვე-ნახევრამდე პერიოდში ჰპოვებს ხოლმე“, - განმარტა გიორგი ბერბერაშვილმა.

ცნობისთვის, საწვავის იმპორტი საქართველოში ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, ანუ, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 554 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

Businesspartner