ენერგეტიკა
01/12/2022

"საქკაბელის" საწარმოზე მზის პანელები დამონტაჟდა

ზესტაფონში, "საქკაბელის" საწარმოში შემავალი შენობების სახურავებზე, თიბისის მხარდაჭერით, მზის პანელები დამონტაჟდა.

500 კვტ დადგმული სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგური, კომპანია „ჰელიოს ენერჯიმ“ დაამონტაჟა.

პროექტი ნეტო-აღრიცხვის პროგრამაშია ჩართული. სადგურის გენერაცია პირდაპირ საწარმოო პროცესს ხმარდება და ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს ანაცვლებს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს ფარავს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიაზე წლიურ დანახარჯებს.

პროექტში გამოყენებულია Tier 1-ის რეიტინგში შემავალი კომპანიის - Hanwha Q Cells-ის მონოკრისტალური ტიპის მზის პანელები. აღნიშნული ბრენდი მსოფლიოში პანელების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, პროექტში გამოყენებულია კომპანია Huawei-ს ინვერტერები.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მომავალში ,,საქკაბელი” კიდევ ბევრ ეკო-გადაწყვეტილებებს,სიახლეებს და ინოვაციებს შესთავაზებს მომავალ და უკვე არსებულ ერთგულ მომხმარებლებს.

Businesspartner