სახელმწიფო ელექტროსისტემა სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებს ეძებს
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კორპორაციული მართვის სისტემის რეფორმის ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებს ეძებს.
კომპანია საბჭოს 5 ახალ წევრს შეარჩევს, რომლებიც პოსტს 3 წლით დაიკავებენ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ საქართველოს მთავრობა იწყებს მასშტაბურ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. რეფორმის ფარგლებში შერჩეული იქნა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", სადაც დაგეგმილია კორპორაციული მართვის სისტემის რეფორმა და მისი საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან და OECD სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საბჭომ უნდა შეიმუშავოს კორპორაციული სტრატეგია, რომელსაც აქციონიერი, ანუ სახელმწიფო დაამტკიცებს. ასევე მის მოვალეობაშია კორპორაციული სტრატეგიის შესრულების, წლიური ბიზნეს-გეგმის, ბიუჯეტის მონიტორინგი; კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება, სახელფასო პოლიტიკის შემუშავება; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შერჩევა.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ: უმაღლესი განათლება ფინანსების, ან ეკონომიკის, ან ენერგეტიკის, ან სამართლის ან სხვა დარგში; 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან არანაკლებ 5-წლიანი აღმასრულებელ/ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, რომლითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან; უნდა ფლობდეს უცხო ენას, ინგლისურს - არანაკლებ B2 დონეზე.
შეგახსენებთ, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საპილოტე კომპანიაა, სადაც კორპორატიზაცია მოხდება.