საქართველო დღეს უფრო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანაა - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო დღეს გაცილებით უფრო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანაა.
ამას კი საქართველომ გატარებული ენერგორეფორმის წყალობით მიაღწია.
"მოვახერხეთ, რომ ყველა მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია იმპორტის განხორციელება და არც ერთი ქვეყანა არის დომინანტი, განსაკუთრებით ჩრდილოელი მეზობელი, განსხვავებით 2012 წლის ვითარებისგან, როდესაც ჩვენი ელექტროენერგიის 90%-ის იმპორტი რუსეთიდან მოდიოდა და ამ მხრივ, ქვეყანა დამოკიდებული იყო რუსეთზე," - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანიის მეშვეობით განხორციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს ვართ უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი, რადგან გვაქვს არჩევანი სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის სწორედ აზერბაიჯანიდან იმპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ალტერნატივა.
„ამავდროულად ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს თურქეთიდან, რუსეთიდან და საჭიროების შემთხვევაში, სომხეთიდან - ეს არის ჩვენი არჩევანი და ამით ვამაყობთ. თითოეულ კონკრეტულ მომენტსა და პერიოდში ვხელმძღვანელობთ ძირითადი პრინციპით, თუ რა სჭირდება ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას უსაფრთხოებისთვის, ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ ხელისაწვდომი ტარიფები შევინარჩუნოთ. ამით ჩვენ ვართ ენერგეტიკულად უფრო დამოუკიდებლები და იმპორტის ღირბულებაც, წლების მანძილზე მცირდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.