ენერგეტიკა
22/09/2021

რას კარგავს საქართველო ნამახვანჰესის პროექტის შეწყვეტით

ონში და პანკისის ხეობაში ჰესების  პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ  თურქული კომპანიის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა.

„იმედი მაქვს, რომ თურქები გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას და საქმე საერთაშორისო არბიტრაჟამდე არ მივა. ეს არ არის მხოლოდ არ აშენებული $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური, ეს იქნება ქვეყნისთვის უდიდესი ფისკალური დარტყმა, რომელშიც თურქულ კომპანიას საკმაოდ მომგებიანი პოზიცია ექნება, ამაში კი მათ ხელი ჩვენმა ბევრმა თანამემამულემ შეუწყო,“ - აცხადებს იორდანიშვილი.

კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა ქვეყანა გარკვეულ სანქციებს, "ფერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში თურქული კომპანია მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, რაც ჩვენთვის არასახარბიელოდ დაითვლება.

„პირველ რიგში, ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ ქვეყანას 4 წელში ჰქონდეს რეგულირებადი სიმძლავრე, მეორე - დაკარგული შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ჩაიდოს $800 მილიონის ინვესტიცია და ეს სიკეთე ქვეყნის თითოეულ მოსახლეზე აისახოს, მესამე-გამოუმუშავებელი ელექტროენერგია, მეოთხე - საინვესტიციო კლიმატისთვის დიდი დარტყმის მიყენება, მეხუთე და მნიშვნელოვანი - ძალიან დიდი ჯარიმა, რომელიც დაკისრებული იქნება და რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გადასახდელი იქნება,“ - აცხადებს იორდანიშვილი.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ჩავარდნილ პროექტზე, იორდანიშვილი განმარტავს, რომ ქართველებმა პასუხისმგებლობის განაწილება უნდა ვისწავლოთ, თუმცა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა  იმ „პატრიოტებზეა“, ვინც ეს სიტუაცია აქამდე მიიყვანა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში ასეთი პრობლემა დგება, როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია ასეთი დარტყმის ქვეშ დგება, რა თქმა უნდა, აქ პასუხისმგებლობა მთავრობასაც ეკისრება,“ - აცხადებს იორდანიშვილი.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. 

Businesspartner