ენერგეტიკა
28/07/2023

რა სირთულეებს აწყდებიან ქსელთან მიერთებისას გამანაწილებელი კომპანია და დეველოპერები

15 მეგვტ-მდე სადგურებისთვის ქსელთან მიერთების ახალი წესის დამტკიცების შემდეგ, გამანაწილებელ კომპანიაში მიერთების მოთხოვნით 18 განაცხადია შესული.

გამანაწილებელი „ენერგო-პრო ჯორჯიაა“, რომელმაც ახალი ობიექტები საკუთარ ქსელზე სემეკის მიერ დადგენილი ახალი წესებითა და ფასებით უნდა მიიერთოს.

როგორც „ენერგონისუსს“ სემეკში განცხადეს, ამ მოკლე პერიოდში 18 განაცხადი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ექვსი თვეც არ არის გასული, რაც, ეს წესი მივიღეთ და უკვე 18 განაცხადია შესული, რაც სხვა წლებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია - წელიწადში არ შედიოდა ამ რაოდენობის პროექტები, რაც უკვე ახლა არის შესული გამანაწილებელ კომპანიაში“ - აცხადებს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კომისიას თავის მხრივ, ერთ პროექტზე განაცხადით მიმართა „ენერგო პრომაც“ რადგან, ერთ-ერთი ობიექტის მიერთება დადგენილ ფასზე ორჯერ ძვირი უჯდება.

„კომისიამ წელს ასევე, დაადგინა მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ გამანაწილებელს ორჯერ მეტი უჯდება მიერთება, ამ შემთხვევაში, უფლება აქვს მოგვმართოს ჩვენ, რასაც კომისია განიხილავს და შეიძლება, დაავალოს კომპანიას, რომ ეს ინვესტიციები თვითონვე განახორციელოს. ერთი ასეთი პროექტია ჩვენთან განსახილველად. იმის გათვალისწინებით, რომ მას უწევს კიდევ დამატებითი ხარჯების გაწევა, შესაძლოა, წილობრივად, დეველოპერიც შევიდეს ამ ხარჯებში“ - ამბობს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

მისივე განმარტებით, ელექტრო ენერგეტიკულ ქსელთან მიერთების სირთულეები ქსელის დატვირთვის კვანძების გათვალისწინებით იზრდება.

„გვაქვს ისეთი კვანძები, სადაც გადატვირთვებია. ეს დასავლეთ საქართველოს ეხება დიდწილად, ვინაიდან ჰიდროელექტროსადურების პროექტების დიდი ნაწილი მოდის დასავლეთ საქართველოზე და შესაბამისად, გადატვირთვა იქ მაღალია. საჭიროა ძალიან მაღალი ინვესტიციების განხორციელება.

ასევე, ძველი ტექნიკური პირობა არის გასაჩივრებული ჩვენთან, რომლის ერთი მეგავატის მიერთების ღირებულება ნახევარ მილიონსაც კი აღემატება - ისეთი სამუშაოებია საჭირო, რომ ეს ჰიდროელექტროსადური ჩაერთოს ქსელში. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ დეველოპერს, რომ ეს განაცხადი გაიტანოს და მოითხოვოს ახალი ტექნიკური პირობით შეცვლა, რასაც, როგორც ვიცით, უკვე აპირებს და ახალი განაცხადით მიმართავს გამანაწილებელს“ - ამბობს თორნიკე აფრიაშვილი.

2 მგვტ-დან - 15 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის სადგურებისთვის საფასური 300 ათასი ლარით განისაზღვრა. წესები და ფასები ამ ტიპის სადგურებისთვის პირველად დადგინდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ ამ წესების შემუშავება განპირობებული იყო კომისიაში დეველოპერების მხრიდან ძალიან მაღალი მიმართვიანობით - ისინი იმ ტექნიკურ პირობებს ასაჩივრებდნენ, რომელიც გამანაწილებელი კომპანიის მხრიდან იყო გაცემული.

ამიტომ, კომისიამ გადაწყვიტა წესის შემუშავება და როგორც სემეკში განმარტავენ, ეს წესი დაეყრდნო ამ საჩივრებს - მათ გამანაწილებელი კომპანია „ენერგო პროდან“ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაცემული ტექნიკური პიროებები გამოითხოვეს. ჩატარდა დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საფასური დადგინდა.

თუმცა, აქვე კომისია ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არ არის სრული საფასური, რადგან „ენერგო პროს“ მოთხოვნა გაცილებით მაღალი - ერთ მეგავატზე - 500 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ, კი მხარეები 2-დან 15 მგვტ-მდე სადგურებისთვის 300 ათას ლარზე შეჯერდნენ.

„პრობლემურია სვანეთის კვანძი, რაჭის კვანძი, ზემო აჭარის კვანძები - აქ პოტენციური პროექტები ძალიან ბევრია, თუმცა, ქსელის გამტარუნარიანობა ვერ უზრუნველყოფს ყველა სადგურის ათვისებას. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მთლიანი ინვესტიციები კი, რაც კომისიამ დაუმტკიცა, ვერ იქნება მიმართული მხოლოდ ამ სამ რეგიონში, რადგან „ენერგო პრო“ მთელ საქართველოს მოიცავს. მათ გადაეცათ საბჭოთა კავშირის დროინდელი ქსელი, სადაც პერიოდულად, ინვესტიციებს დებს და რეაბილიტაციას ახორციელებს“ - აცხადებს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი „ენერგონიუსთან“.

energonews.ge