ენერგეტიკა
28/11/2022

პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით ენერგოსექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია შეიქმნება

ენერგეტიკის სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ჩამოყალიბების მიზნით საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით დუოს საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.

ამ მიზნით გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ამჟამად ოთხი ხელმომწერი ჰყავს: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), მზის ენერგიის ასოციაცია, საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაცია „ვინდ ჯორჯია“ და ენერგოეფექტურობის ცენტრი. სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება.

დუო სექტორში პროფესიული განათლების განვითარებაზე იმუშავებს. კერძოდ, მოხდება სექტორში უნარებთან დაკავშირებული საჭიროებების იდენტიფიცირება, დარგში შესაბამისი კვალიფიკაციების განვითარება და დანერგვის მხარდაჭერა.

ინიციატივის მხარდამჭერი პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად პროფესიული განათლების განვითარებისა და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელების მიზნით დააარსეს.

„ენერგეტიკის სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესს უჭირს ადგილოვრივი მუშახელის დაქირავება, საჭირო ხდება თანამშრომლების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა. გარდა ამისა, არსებული მონაცემების მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დარგში მოღვაწე ადამიანების ერთი მეხუთედი საპენსიო ასაკში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვმართებს, ვიმოქმედოთ სწრაფად, რათა სექტორს ახალი პროფესიონალები შეემატოს. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შექმნით სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორები ერთობლივი ძალისხმევით სწორად, დროულად და ეფექტიანად შეძლებენ მუშაობას არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი დარგის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ - განაცხადა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.

 

Businesspartner