ენერგეტიკა
20/10/2022
პრემიერი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით - 550 მლნ აშშ დოლარზე მეტი.
"შუახევი ჰესი", დაახლოებით, 5%-ით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. პროექტი სამი ისეთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მიერაა დაფინანსებული როგორიცაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC.
პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მასშტაბური პროექტები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
აღსანიშნავია, რომ "შუახევი ჰესის" მშენებლობის ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საიდანაც უმეტესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენდნენ, ხოლო ოპერირების ეტაპზე დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 100 ადამიანია.
Tata Group მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 935 000 შეადგენს. Tata Group-ის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს Tata Power.