ენერგეტიკა
27/09/2021

პრემიერი ნამახვანჰესზე: კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო, ინვესტორთან დიალოგს გავაგრძელებთ

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნამახვანჰესის” შეწყვეტილ კონტრაქტთან დაკავშირებით დიალოგი ინვესტორთან გაგრძელდება. მისი თქმით, ისევე როგორც ბევრი სხვა საქმე, ეს პროექტიც მემკვიდრეობით დახვდა, კონტრაქტში ბევრი რაღაც მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ინვესტორთან ღიად საუბრობდა.

“რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ინვესტორ კომპანიასთან დიალოგს. ჩვენ მათ ყველა პირობა შევუქმენით, რომ მიუხედავად ადგილზე არსებული პროტესტისა, ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები. ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, ყველას შევუქმნით კომფორტს, ბუნებრივი,ა ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში. ამ მიმართულებით რაიმე დაბრკოლებებს არ ველოდებით,” - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

კითხვას ქონდა თუ არა პრემიერს ამ საკითხზე საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან, პასუხობს რომ ეს არის მხოლოდ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და “ნამახვანჰესზე” არ უსაუბრიათ.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.