ენერგეტიკა
04/03/2021

პრემიერი ჰესების მშენებლობაზე: ოქროს შუალედის გამოსაძებნად საჭიროა მოსახლეობასთან კომუნიკაცია

სავარაუდოდ, ხვალ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეხვდნენ. ასეთი დავალება მათ პრემიერ-მინისტრმა მისცა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჭიროა ენერგოდამოუკიდებლობაზე ზრუნვა და ჰესების მშენებლობა. თუმცა არსებულ კითხვებს პასუხიც უნდა გაეცეს.

"ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. წლიდან წლამდე იმპორტირებული ელექტროენერგია იზრდება. პროგნოზები არის შემდეგი, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ 100 მეგავატის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება.

აქ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. სწორედ ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად საჭიროა მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი გაუცემელი არ დარჩეს",- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, პრემიერმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ნამახვანი ჰესის მშენებელობასთან დაკავშირებით ხვალ ადგილზე ჩასვლა და ადგილობრივებთან შეხვედრა დაავალა.