ენერგეტიკა
12/12/2022

ოლივერ ვარჰეი: ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელში €2.3 მლრდ-ის ინვესტირება იგეგმება

ევროკავშირი შავ ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებაში ინვესტირებას განიხილავს, - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. 

EU Global Gateway Board-ის შეხვედრაზე სწორედ ეს პროექტი განიხილეს. ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ-ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირების საკითხები განიხილა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა საბჭომ, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ხელმძღვანელობდა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

„საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
 
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.
Businesspartner