ნათია თურნავა შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელზე: მომავლის პროექტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის დამონტაჟება, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი მომავლის პროექტია.
როგორც ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას აღნიშნა, ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ ამბიციურად ჟღერს.
„თავის დროზე ასევე ამბიციურად და ცოტა დაუჯერებლად ჟღერდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტიც. შესაბამისად, არც თუ იმდენად შორეული მომავალი მგონია ამ პროეტის განხორციელებისთვის იყოს საჭირო. ორი წლის წინ როცა მქონდა ვიზიტი ბრიუსელში, მაშინ ვსაუბრიობდით მხოლოდ იდეაზე. ახლა დადგა დრო მსგავსი ამბიციური და რეალურად ძალიან აუცილებელი პროექტების განხორციელების, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიო ბანკმა გამოყო დაფინანსება იმისთვის რომ სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა გააკეთოს. პირველადი შესწავლა გაკეთდა ჩვენი ძალებით. რუმინეთი არის ყველაზე დიდი ალბათობით ის წერტილი, სადაც უნდა მიერთდეს ეს კაბელი, რომელიც საქართველოდან გავა, რადგან სწორედ იქ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა შავი ზღვის პირას განლაგებული.“-განაცხადა ნათია თურნავამ.
„საქართველოს ელექტროსისტემის“ პროექტის მიხედვით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალმა 1200 კილომეტრიანმა კაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 კილოვატიანი მუდმივი დენის კაბელი უნდა იყოს.
შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიარდი ევრო იქნება. ერთობლივი პროექტი „საქართველოს ელექტროსისტემამ“ და რუმინულმა „ტრანსელეკრტიკამ“ ევროპის ენერგოგაერთიანებაში გასული წლის მარტში დაარეგისტრირეს.