ნათია თურნავა: 8 წელში ექსპლუატაციაში 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰესი შევიდა
„ბოლო 8 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 654 მგვტ. ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ 8-წლიან პერიოდში უკვე აშენდა ან მშენებლობის პროცესში გადავიდა ისეთი სტრატეგიული ჰიდროსადგურები, რომლებზეც მანამდე წლების მანძილზე მიმდინარეობდა ლაპარაკი.
მისი თქმით, აშენდა და ამოქმედდა შუახევიჰესი, მშენებლობის პროცესში გადავიდა ნამახვანი ჰესი და ნენსკრა ჰესი. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი თბოელექტროსადგური გარდაბანში.
„ენერგეტიკაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული რესურსი, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა,“ - განაცხადა მინისტრმა.