მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიებისთვის ქსელთან მიერთების ახალი საფასური მიუღებელია
მზის ელექტროსადგურის მშენებელი კომპანიებისთვის სემეკის მიერ დადგენილი ქსელთან დაერთების ახალი საფასური მიუღებელია.
როგორც „ჰელიოს ენეჯის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი წესებით, 5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება 1.5 მლნ ლარი ჯდება, რაც ძალიან მაღალი ხარჯია.
„ახალი წესები ადგენს 15 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების წესებს. განვმარტოთ, თუ რატომ იქნა ეს წესები მიღებული. ცვლილებებამდე, რიგ შემთხვევაში უსამართლო იყო ის ღირებულება, რასაც „ენერგო პრო“ ან „თელასი“ სთავაზობდა ელექტრო სადგურებს ქსელთან დაერთებისთვის. ახლა დადგინდა ერთიანი ტარიფი, რომლითაც როგორც ვიცი, ჰესები კმაყოფილები არიან, თუმცა უკმყოფილოები ვართ მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიები. ვინაიდან, ერთი მეგავატის დაერთება განისაზღვრა 300 ათასი ლარის ოდენობით. 5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება 1.5 მლნ ლარი ჯდება, მაშინ როდესაც ფაქტობრივი დანახარჯი შეიძლება 50 ათასი ლარიც კი არ იყოს. ეს 1.5 მლნ ლარი ჩვენი კაპილატური დანახარჯების დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. არც ერთ ქვეყანაში ქსელზე მიერთება პროექტში ამხელა ღირებულებას არ იკავებს. მაგალითისთვის რომ გითხრათ, მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება შეიძლება ქვესადგურის გვერდით იყოს შესაძლებელი და მიერთება არ წარმოადგენდეს რაიმე ტექნიუკურ არ ფინანსურ სირთულეს, მაგრამ მაინც გვიწევს ასეთი დიდი თანხის გადახდა.“ -განმარტავს თორნიკე დარჯანია.
მისივე თქმით, მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიები საკითხთან დაკავშირებით სემეკთან კონსულტაციებს გეგმავენ.
„ვაპირებთ მარეგულირებელთან კონსულტაციებს. გვინდა, რომ შემუშავდეს მზის ელექტროსადგურებსითვისაც მისაღები ფორმატი. მაგალითად, ქსელზე დაერთების საფასური ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით განისაზღვროს,“-განმარტა თორნიკე დარჯანიამ.
შეგახსენებთ, რომ სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი თებერვალში დაამტკიცა. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები.