ენერგეტიკა
28/04/2021

მთავრობა EU-ს ენერგეტიკული გაერთიანებას ნამახვანჰესის შესახებ წერილით მიმართავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორგანიზაციისადმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი წერილის თანახმად, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის, ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვის, ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის.

„მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის,“ - ნათქვამია წერილში.

წერილის მიხედვით, მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.

„საქართველოს მთავრობა მტკიცედ ემხრობა ენერგეტიკის სექტორში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და დეკარბონიზაციის პოლიტიკას განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის შემდგომი განვითარების გზით. ჩვენ, როგორც ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა, ამას გავაკეთებთ, როგორც ევროსაბჭოს კანონმდებლობის, ასევე გარემოს დაცვის, უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, განახლებადი ენერგიის პროექტები მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ, მთავრობა მიზნად ისახავს, გამონახოს ბალანსი განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და შესაძლო დამატებით ღონისძიებებს შორის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

Businesspartner