ენერგეტიკა
17/12/2021

მოსწავლეებმა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ინოვაციური მოწყობილობა გამოიგონეს

ქართველმა მოსწავლეებმა ინოვაციური მოწყობილობა გამოიგონეს.

ინოვაციური მოწყობილობა "თერმული წყლები" სკოლის მოსწავლეებმა დავით რუსიამ, საბა ხაბურზანიამ და ანი ესართიამ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის გამოიგონეს.

პროექტი 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულიც გახდა.

დავით რუსია "ბიზნესპარტნიორთან" ამბოობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გუნდმა, მენტორ უტა კილასონიასთან ერთად, უამრავი ეტაპი გაიარა ონლიან შეხვედრებიდან დაწყებული, პროექტის რეალურად დანერგვამდე. მისივე თქმით, გამოგონილი მოწყობილობა ცხოვრებაში ყოველდღიურად გამოყენებადია და პროექტის მიზანი ზუსტად ამაზე იყო აგებული.

ინოვაციური პროექტი დაფუძნებულია "პელტეს" (PLT) ელემენტის თვისებაზე, რაც გულისხმობს, ელ. დენის წარმოქმნას ფირფიტის ურთიერთსაპირისპირო გვერდებზე ტემპერატურის სხვაობის არსებობის შემთხვევაში. რისთვისაც გამოიყენება ბუნებრივი რესურსი, თერმული წყლები, რომელიც საქართველოში მრავლადაა. პროექტი საქართველოს შესაძლებლობებზე და რეალობაზე მაქსიმალურადაა მორგებული.

"მოგეხსენებათ PLT–ს ელემენტი ელ.ენერგიას ერთიზედაპირს გათბობით, ხოლო საპირისპირო ზედაპირს გაციებით გამოიმუშავებს. შესაბამისად, თუ ამ ელემენტს მოვათავსებთ 2 კვ მილს შორის და ერთ-ერთი მილს გამოვიყენებთ თერმული ცხელი წყლის გამტარად, მეორეს კი ბუნებრივი ცივი წყლის, ამ მილს შორის არსებული ტემპერატურული სხვაობის გამო PLT–ს ელემენტები, რომელიც მიმდევრობითაა შეერთებული, იწყებს ელექტრული ძაბვის წარმოქმნას.

PLT–ს ელემენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული გამომუშავებული ელ.ენერგიის მიღება. შესაძლებელია რამოდენიმე პარალელური მილის დამონტაჟება, რაც გამოიწვევს სიმძლავრის გაზრდას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ელემენტის ეფექტიანობა მაქსიმუმს აღწევს მილში გამავალ წყლებს შორის 67oc-იანი სხვაობისას, რაც სრულად აკმაყოფილებს პროექტის კრიტერიუმებს რადგან თერმული წყლების ტემპერატურის ძირითდი ნაწილი 80oc-ს ბევრად აღემატება. სწორედ ამის გამო საჭორო სხვაობის მიღება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს."–აღნიშნავს დათო რუსია.

მისივე თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ელექროენერგიის დეფიციტია, შესაბამისად ტურისტები თავს იკავებენ ასეთ ადგილებში ვიზიტისაგან. ინოვაციური მოწყობილობით კი მათ ეს ბარიერი მოეხსნებათ, მიიღებენ ელექტროენერგიას, რომელიც მინიმალურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის სარგებლის მომტანი იქნება და არსებული რესურსები არ დაიხარჯება ფუჭად.

"პროექტის ინოვაციურობას განაპირობებს ის, რომ PLT–ს ელემნეტები ელექტროენერგიის მიღების წყაროდ არავის გამოუგონებია, მას ზოგადად იყენებენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. აღნიშნული პროექტი იძლევა ალტერნატიულ ენერგიას, გარემოში უარყოფითი ჩარევის გარეშე. გამოდის, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტურია, რადგან ის მარტივად გამოყენებადია და ასევე მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება მის დანახარჯს.

ჩვენთვის "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსში გამარჯვება უმნივნელოვანესია, რადგან შესაძლოა მოწყობილობის პატენტი მივიღოთ, რის შედეგად ის რეალურად შეიძლება დაინერგოს საქართველოში. \მსოფლიო ალტერნატიული ენერგიის მარადიულ ძიებაშია, ამიტომ მსგავსი პროქტები ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო და ინოვაციურია. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ენერგოდამოკიდებული.  ვფიქრობთ, პროექტი იქნება უაღრესად წარმატებული და სასარგებლო გამოგონება არამარტო სახელმწიფოსთვის, არამედ მთლიანი მოსახლებისთვის."–ამბობს, დავით რუსია.

ინფორმაციისთვის, სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი "სტემის" აკადემიაში გაიცნეს და როგორც თავად ამბობენ სწორედ „სტემმა“ გნაპირობა მათი წარმატება.

"მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, მაინც ვახერხებდით გვემუშავა უამრავ სხვადასხვა კვლევაზე როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. 1 წლის უკან შევიტანეთ განცხადება კონკურსში, ვიზუალურად ავაგეთ ჩვენი მოწყობილობა და შემდგომ ზაფხულში როდესაც გავიგეთ, რომ ფინალში გადავედით დავიწყეთ ჩვენი იდეის რეალურად განხორციელება და თანდათან მივედით ამ აღმოჩენამდე რასაც ვუწოდეთ – "თერმული წყლები". – ამბობს პროექტის ავტორი.