ენერგეტიკა
31/07/2020
მინისტრი: ნენსკრა ჰესი ენერგოუსაფრთხოებისთვის სტრატეგიული პროექტია
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო საუბრის მთავარი თემა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რეს შორის ონლაინ შეხვედრაზე.
მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკაზე აღნიშნეს. ასევე აღინიშნა, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25%-ით მეტი კორეელი ვიზიტორი ჩამოვიდა.
კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში.
„საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის, პოპულარობა კორეელ ინვესტორებს შორის იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობითაა შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი“ ახორციელებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ნენსკრა ჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის“ უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.
„კორეის გარემოს მინისტრმა გამოხატა კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და მზადყოფნა, რომ მოხდეს პროექტის დროული იმპლემენტაცია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრაში მონაწილეობდა კომპანია „ქეი უოთერის“ წარმომადგენლები.