ენერგეტიკა
04/03/2021

მინისტრი ნამახვანჰესზე: სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მზად არის ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს. მინისტრი ოპონენტებს ე.წ ექსპერტებს უწოდებს და ადგილობრივების განზრახ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"როდესაც საუბარი იყო ამ მიმართულებებზე და საკითხებზე, როგორიც არის კლიმატური პირობები, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ა.შ, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ საჯარო არ იყო და გამჭვირვალე არ არის პროცესი, როდესაც ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერ გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებ-გვერდზე. სხვანაირად არ ხდება. იმ ვითომ ექსპერტებმა, რომლებიც ამაზე ოპონირებენ, ყველაზე კარგად იციან ეს პროცედურები. დაინტერესებული არიან და გადაწყვეტილების არაერთ ნაწილში გვიჩივიან, გვეკამათებიან, ოპონირებას გვიწევენ კიდეც. ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგი გააჩნიათ. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ მათი გრძნობების გამოყენებას. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს მათი მეორე ვითღომ არგუმენტი, რომ ეს კვლევები არ არის საკმარისი. თუ მათ მასალა არ უნახავთ, როგორ არის არასაკმარისი და როგორ აფასებენ? თავის თავს ეწინააღმდეგებიან ხშირად",- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარემოს კვლევაზე მსოფლიოს წამყვანი საექსპერტო კომპანიები მუშაობდნენ და დაკსვნებიც მათივე დადებულია.

"ჩვენი არგუმენტები იმ კვლევებსა და ექსპერტულ შეფასებებს ემყარება, რომელიც გარემოს კვლევის პროცესში განხილულია. გადაწყვეტილება არ მიგვიღია კონკრეტული კვლევების გარეშე. კვლევები ჩატარებული და წარმოდგენილია ძალიან მაღალი დონის რეპუტაციის მქონე საერთაშორისო წამყვანი საექსპერტო კომპანიების მიერ. იმ თემებში ყველაზე გამოცდილები არიან. ალპებში მსგავსი რელიეფი და გარემო პირობებია და იქ ყველაზე განვითარებულია ჰიდრო ელექტრო ენერგიის გენერაცია. მათ შორის, ასეთი ტიპის კაშხალები. ფაქტობრივად, თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ მიწისძვრის შედეგად მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, რომელიც ისტორიაში ასეთი კონსტრუქციის მიმართ არასდროს ყოფილა. ეს ფაქტობრივად გამოირიცხება და ამას ამბობენ ყველაზე უფრო რეპუტაციული ექსპერტები მაშინ, როდესაც საწინააღმდეგო გვესმის არაფერზე დაყრდნობით",- ამბობს დავითაშვილი.