მელიორაციაში ახალი ტარიფები დადგინდება
მელიორაცია-ირიგაცია რეგულირებას დაექვემდებარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე დარგი სრულ რეგულირებაში მოექცევა. რეგულირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას დაევალა, რაც გულისხმობს სატარიფო რეგულირებას, ტარიფების გადათვლა-გადახედვას და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას.
კომპანია, რომელიც ამ დარგში ოპერირებს, 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა - „საქართველოს მელიორაცია“ 40 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება და 70 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკ-ის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა განუცხადა, დარგში დღეს მოქმედი ტარიფები 12 წლის წინ დადგინდა და მას შემდეგ ტარიფები არ გადახედილა.
„ამ პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განახორციელა კომპანიამ, რამაც გააუმჯობესა დაფარვის არეალი და მომსახურების სტარნდარტი. დღეს კი, მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში დარგი სრულად უნდა დარეგულირდეს, მათ შორის, საუბარია ტარიფების რეგულირებაზეც. უნდა გადავთვალოთ ტარიფები და ასევე, სატარიფო მეთოდოლოგია შევიმუშაოთ“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ სემეკ-ის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა გაგა ნადირაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეიქმნება წყალმომახმარებელთა, ფერმერთა გაერთიანებები - ეს ნაწილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში რჩება. სემეკი კი დაადგენს ტარიფს და თუკი, ტარიფთან დაკავშირებული რაიმე სახის დავა წარმოიშვება კომპანიასა და მოხმარებელს შორის, მას სემეკი განიხილავს.
„დღეს მოქმედი ტარიფი ეს არის ფიქსირებული გადასახადი წლიურად, ჰექტარზე 75 ლარის მოცულობით. იმაზე საუბარი, თუ რა ფორმას მიიღებს საბოლოოდ ტარიფი - ეს იქნება მოხმარებული წყლის მოცულობაზე დაფუძნებით თუ ჰექტარზე - რთულია. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რამაც უნდა უპასუხოს ამ ყველაფერს. ეს დარგი აქამდე რეგულირებაში არ ყოფილა. მთავარი მიზანი კი არის ის, რომ მოაწესრგიოს აქამდე ჩამოყალიბებული ურთიერთობები კომპანიასა და მოხმარებელს შორის, გაზარდოს მიწოდებული მომსახურების ხარისხი. ახალი ტარიფის ერთ-ერთი მიზანი იქნება ის, რომ ამ პროდუქტის რაციონალურად გამოყენება მოხდეს და თუკი, სადმე ადგილი აქვს უკანონო მოხმარებას ან წყლის უყაირათო ხარჯვას - აღმოფხვრას. ასევე, მიზანია, რომ წახალისდეს თანამედროვე ტექნოლოგიები ამ სფეროში“ - აცხადებს სემეკ-ის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გაგა ნადირაძე.