ენერგეტიკა
12/07/2023

ლევან ვეფხვაძე: ბირჟის მოუმზადებლად გახსნას გადავადება ჯობდა

ბირჟის მოუმზადებლად გახსნას გადავადება ჯობდა, - ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

მისი თქმით, ამ ვითარებაში ბაზრის გახსნას შესაძლოა, გარკვეული რყევები გამოეწვია.

“საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთდროულად ვმუშაობდით, რომ ბაზარი გახსნილიყო. თუმცა, იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ბოლომდე არ იყო მიყვანილი. მათ შორის, არ იყო საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული. ასევე, ექსპორტის ტრანზიტის ნაწილში იყო კითხვის ნიშნები, რადგან იყო რისკი, რომ ბირჟის გახსნას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციისთვის და ა.შ. ამიტომ, მოუმზადებლად გახსნას, რომელსაც შესაძლოა, ბაზარზე გარკვეული რყევები გამოეწვია, ალბათ ჯობდა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს” - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

თუმცა, მისივე თქმით, ღია რჩება სიმძლავრის აუქციონებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მიბმულია ბირჟაზე გენერირებულ ფასთან.

“თუ ფასი არ გვექნება, აუქციონებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რჩება. ეს არის CFD მექანიზმი, რაც უკვე მიღებული ნორმატიული აქტია. ამ ნაწილში ალბათ მოსაფიქრებელია, ვიდრე ბირჟა გაიხსნება, როგორ უნდა მოხდეს ინვესტორების პოზიციების დაზღვევა - ანუ რა ალტერნატივას შევთავაზებთ იმისათვის, რომ მათ გადმოაწყონ კონტრაქტები ახალ ბენჩმარკაზე” - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კერძო სექტორთან დისკუსია არ არის, თუმცა, მხარეებს მოუწევთამაზე ფიქრი.

“დღეს ბაზარეზე არსებობს ორი მიდგომა - ერთი არის რომ გადმოკონვერტირდეს კლასიკურ PPA-ებში, როგორც ეს ადრე გვქონდა. ამ ნაწილში გადასახედი იქნება სავალუტო ფონდთან ერთად ეს საკითხი, რადგან, ფონდთან აღებული ვალდებულებების გამო, სახელმწიფომ ჯერკიდევ 2017 წელს თქვა უარი PPA-ის გაცემაზე. მეორე - არის ახალი ე.წ. ბენჩმარკის გაჩენა, ჩანაცვლება. ერთადერთი ბენჩმარკი ახლა ჩვენ გაქვს თვის ბოლოს ესკოს მიერ გამოცხადებული ფასი. თუმცა, სტანდარტი ცოტა განსხვავებულია - იქ არის სიმძლავრის ნაწილში ვაჭრობა, აქ - თვის ჭრილში, თვის ბოლოს ვაჭრობა. ერთ-ერთ მექანიზმად და ალტერნატივად ესეც შეიძლება იყოს განხილული”- განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

რაც შეეხება კითხვას, ხელს შეუშლის თუ არა ბირჟის ამოქმედების გადავადება სიმძლავრის მეორე აუქციონის გამოცხადებას, ლევან ვეფხვაძის თქმით, გამოცხადებამდე განსასაზღვრი იქნება, თუ რა იქნება ალტერნატიული ე.წ. ბენჩმარკი ბაზრის გახსნამდე, რაზეც ახალი აუქციონები აეწყობა.

“არა მგონია, რომ ეს დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს” - ამბობს ის.

energynews.ge

Businesspartner