ლევან დავითაშვილი: კაშხლის დაფუძნება მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც გეოლოგიურ რისკებს ამცირებს
გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევები შენობის განთავსების, წყალმიმღების ტერიტორიებზე, ასევე გამოკვლეულია გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა აბსოლუტურად მეწყერსაშიშ უბნებზე.
„კვლევის ანგარიშში მოცემული ინფორმაციით კაშხლის დაფუძნება აბსოლუტურად მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც ამცირებს გეოლოგიურ რისკებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (12, 13, 14, 16, პუნქტები), შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით დაევალა შემდეგი პირობების შესრულება:
შპს ,,ენკა რინიუებლზმა” მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე უზრუნველყოს ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების განლაგების და მათ მიმდებარედ არსებულ მეწყრულ უბნებზე პერიოდული ვიზუალური მონიტორინგის წარმოება (განსაკუთრებით წყალსაცავის მდგრადობაზე მათი გავლენის კონტროლის მიზნით) და მიღებული შედეგების 6 თვეში ერთხელ სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა;
შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს N6 მეწყერზე (გონის მასივი) ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემის მოწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინასწარი კვლევების ჩატარება და შედეგების სამინისტროში წარმოდგენა. აღნიშნული კვლევების განხორციელება დასაშვებია ჰესის მშენებლობის პარალელურად, ხოლო მონიტორინგის სისტემის ინსტალაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნას წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწყრულ სხეულზე გათვალისწინებულია პიეზომეტრების და ინკლინომეტრების მოწყობა (რისთვისაც საჭირო გახდება ჭაბურღილების გაყვანა), მეწყრული სხეულის სიმძლავრის (ცოცვის სიბრტყე ან შესუსტების ზონის მდებარეობა სიღრმეში) დადგენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჭაბურღილების გაყვანის შედეგად მიღებული ინფორმაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს როგორც სადერივაციო, ასევე მიმყვანი გვირაბის მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (გვირაბის მშენებლობის პარალელურად) და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში;
შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყაროების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა სამინისტროში (წელიწადში ერთხელ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების ობიექტებზე და ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენით მათი დებიტის შესაძლო შემცირების, ან დაკარგვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყალმომარაგებით“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, მშენებლობის პროცესში აუცილებელია წყაროების რეჟიმზე დაკვირვება.
„წყაროებზე ზემოქმედება გამორიცხულია, თუმცა პირობაზე მითითებულია ასევე ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ.
ასევე მეწყრული უბნები შეფასებულია, თუმცა სტანდარტები ითვალისწინებენ პარალელურ რეჟიმში კვლევების ჩატარებას. გვირაბის გაყვანის პარალელურად, კომპანიას დაევალა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში. მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში სტანდარტები ითვალისწინებს მშენებლობის პროცესში პარალელურად დეტალური კვლევების ჩატარებას. “-განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დარგობრივის და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნამახვანჰესის საკითხს განიხილავენ.