ლევან დავითაშვილი: განახლებად ენერგიებში ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია
ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა - ამ თემაზე ისაუბრეს განახლებადი ენერგიების საინვესტიციო კონფერენციაზე.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის სფეროს ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა.
"განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ზუსტად ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა ასახულია სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის 2030 წლის მთავრობის ხედვაში - თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების ეფექტურად ათვისება იმისთვის, რომ ქვეყანამ განიმტკიცოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს.
ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ასეთი საერთაშორისო კონფერენცია ქვეყანას დაეხმარება ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
თბილისში მიმდინარე საერთშორისო კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტის - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გაფორმდა 68 მემორანდუმი, 700 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა მოაზრებული და დაახლოებით 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ის დამატებითი გენერაციის პროექტებია შეთანხმებული. ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს - მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები განხორციელდეს.
„ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა, სექტორის მხარდაჭერა და ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების, ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ტარდება, ვფიქრობ, რომ პროგნოზირებადს ხდის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ამ და სხვა ახალი პროექტების რეალიზებას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.