ენერგეტიკა
09/02/2023

კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის სატესტო ვაჭრობას თავს არიდებენ, დაჯარიმდებიან

კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციურ ვაჭრობაში არ მონაწილეობენ, სავარაუდოდ, დაჯარიმდებიან.

სემეკის დადგენილებით, ბაზრის მონაწილეებს ვალდებულება დაეკისრათ ისე მიიღონ მონაწილეობა სატესტო ვაჭრობაში, როგორც რეალურ ბაზარზე მოიქცეოდნენ.

როგორ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ განუცხადა, მომდევნო კვირაში დანიშნულია განხილვები, სადაც ენერგეტიკულ ბირჟასთან ერთად საბალანსო ბაზრის ოპერატორი წარმოადგენს ვაჭრობის შედეგებს. შესაბამისად, თუ საჭირო გახადა, სატესტო რეჟიმში მონაწილეობის თავიდან არიდების გამო, შესაძლებელია, საჯარიმო სანქციებიც იქნას გამოყენებული.

„არიან კომპანიები, რომელთაც ეკისრებათ ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობა და ყოველდღიურად ვაჭრობენ-კიდეც, ერთი-ორი შემთხვევის გარდა. ასევე, არიან კომპანიები რომელთაც არ ეკისრებათ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, მაგრამ მათ ეკისრებათ პროცესში მონაწილეობის ვალდებულება - შეიძლება არ ვაჭრობდე ბირჟაზე, მაგრამ უნდა ივაჭრო მაგალითად, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე რა ხდება. ამიტომ მარეგულირებელი კომისიაა ის ორგანო, რომელიც შეხედავს სამივე ბაზრის შედეგებს და გამოავლენს იმ მონაწილეებს, რომლებიც არ მონაწილეობენ სატესტო ვაჭრობაში“ - აცხადებს ირინა მილორავა.

მისივე განმარტებით, სიმულაციური ვაჭრობა ემსახურება იმას, რომ სატესტო რეჟიმშივე აღმოჩნდეს და გამოვლინდეს პრობლემა, და არა რეალური ვაჭრობიდან.

„თუმცა, ჩვენი ყველა კონსულტანტი გვეუბნებოდა, და ჩვენც ვხედავთ, რომ ვაჭრობის ეს შედეგები არავითარ შემთხვევაში არ იქნება რეალურთან მიახლოებული, იმიტომ რომ ბაზრის მონაწილეებს არ აქვთ ინტერესი სულყოფილად მიიღონ მონაწილეობა სატეტსტო ვაჭრობაში, სანამ ეს ფინანსურ შედეგებამდე არ მივა“ - აცხადებს ირინა მილორავა.

 

Businesspartner