ენერგეტიკა
11/07/2023

კომერციული ოპერაციების დაწყებიდან, TAP-მა ევროპაში 25 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიტანა

ტრანს ადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) 2022 წელს იტალიის გაზის მოხმარების 15 პროცენტი დააკმაყოფილა. ამის შესახებ TAP-ის მმართველი დირექტორი ლუკა შიეპატი აცხადებს.

აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ის ცნობით, მდგრადი მომავლის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-ს შეუძლია გააფართოოს თავისი სიმძლავრე ეტაპობრივად, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

„ჩვენ უკვე გავააქტიურეთ გაფართოების პირველი დონე, რაც გულისხმობს დამატებით, 1.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას 2026 წლიდან. სამხრეთ გაზის დერეფნისა და TAP-ის სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარებულია REPowerEU გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას აზერბაიჯანთან და TAP-ის სიმძლავრის გაზრდას. TAP-ით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიძლება აშენდეს გადაკვეთილი ტერიტორიების მახასიათებლების სრული დაცვით“, - განაცხადა მან.

მმართველი დირექტორის თქმით, TAP-ის სიმძლავრის გაზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს იტალიისა და ევროპის ენერგეტიკისა და კლიმატის მიზნების რეალიზებას, რაც საშუალებას მისცემს ევროპას, წყალბადის და სხვა ტიპის გაზის ახალი მოცულობები ბუნებრივ აირთან შერეული გაიტანოს კონტინენტზე.

„კომერციული ოპერაციების დაწყებიდან, TAP-მა ევროპაში 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა, საიდანაც 21 მილიარდზე მეტი იტალიაში გადაიზიდა. ეს პროცესი ხელს უწყობს მიწოდებაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას“, - თქვა ლუკა შიეპატიმ.

TAP ტრანსანატოლიური მილსადენის TANAP-ის გაგრძელებაა. ამ მილსადენით გაზი აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის გავლით (სამხრეთის გაზის დერეფანი) ევროპის მიმართულებით გადაიზიდება.

მილსადენი 2020 წლის დეკემბერში ჩაირთო. 2021 წელს ევროპას TAP-ის საშუალებით 8.1 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიეწოდა, 2022 წელს - 11.4 მლრდ კუბური მეტრი. 2024 წელს კი, დაგეგმილია, დაახლოებით 13 მლრდ-ის გატარება.

energynews.ge

Businesspartner