"ხუდონჰესის" პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს იბრუნებს. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორ კომპანიასთან - სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი და მისი განხორციელება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მისი განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა - ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, მომავალში საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაესრულებინა კონტრაქტი, პოზიტიურად გადაწყდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, მისი ინფორმაციით, პროექტი უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოცხადდება.
„ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია - საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.