ირინა მილორავა: ენერგეტიკულ ბირჟას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მოწყობაც დაევალა
ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თარიღს ადგენს მთავრობა. დღეს კი ამოქმედების თარიღად 1 მარტია განსაზღვრული.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ბირჟა მზად სრულფასოვნად ამოქმედებისთვის, მილორავა აცხადებს, რომ მზაობა არსებობს.
„ჩვენ გვევალება ორგანიზებული ბაზრის ორი სეგმენტის გაშვება, ერთი არის დღით ადრე ბაზარი, რომლის ამოქმედებაც 1-ელ მარტს უნდა მოხდეს და მეორე - დღიური ბაზარი, რომლის გაშვებაც 1-ელ ივლისს არის დაგეგმილი. ვინაიდან დღით ადრე ბაზრის მოსამზადებელი სამუშაოები პრაქტიკულად დავასრულეთ, გადავედით 1-ელი ივლისის გასაშვები ბაზრის სამზადისზე და გვინდა, ორივე ბაზარი დადგენილ ვადებში გავუშვათ,“ - აცხადებს მილორავა.
მისივე განცხადებით, სავაჭრო პლატფორმა ბაზრის მონაწილეებისთვის გამზადებულია. პლატფორმის მომწოდებელი არის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ევროპული კომპანია „ნორდპული“, რომელიც ევროპის 16 ქვეყანაში ოპერირებს. ეს სავაჭრო პლატფორმა უკვე მორგებულია საქართველოს რეალობას. ამ პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირებულია 200-მდე მონაწილე. მათგან მიმდინარე სატესტო ვაჭრობაში, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მუდმივად მონაწილეობს 50-მდე მონაწილე და ეს მონაწილეები ქვეყნის მთლიანი მიწოდებისა და მოხმარების 95%-ს ფარავენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არა მარტო ფლობენ ვაჭრობის ტექნიკურ უნარებს, არამედ გააზრებულ, სწორი სტრატეგიით ჩამოყალიბებულ განაცხადებსაც განათავსებენ.
თუმცა, ბირჟა არ არის ახალი ბაზრის ერთადერთი სეგმენტი. მილორავას ინფორმაცით, ბირჟასთან ერთად მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტროენერგია ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზეც შეისყიდონ, რომელიც დღით ადრე და დღიური ბაზრებისაგან განსხვავებით, კონკურენტული სეგმენტია და შესაბამისი სავაჭრო პლატფორმის მოწყობა ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც კანომდებლობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ენერგეტიკულ ბირჟას, ორგანიზებული ბაზრების მოწყობასთან ერთად, მთავრობის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მოწყობაც დაევალა, რომელიც ასევე 1-ელ მარტს უნდა გაეშვას. ამ მიმართულებით ენერგეტიკულ ბირჟასა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ბირჟისთვის სავაჭრო პლატფორმისა და თანმდევი მომსახურების მიწოდება მოხდება.
ბაზრის ახალი მოდელი მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების გაშვებას არ ითვალისწინებს. საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანია საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის სრულფასოვანი ამოქმედება. ასევე, აუცილებელია, რომ საბითუმო აღრიცხვა პასუხობდეს ახალი ბაზრის მოთხოვნებს.
„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კომპლექსურ რეფორმაზე, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ბირჟის მზადყოფნას დღით ადრე და დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ რეფორმის ფარგლებში აუცილებელია ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მზადყოფნა, გამართული და სრულყოფილი სამართლებრივი ბაზის არსებობა, აღრიცხვის სისტემების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან და ა.შ. რა პრობლემებზეც დღეს ბაზრის მონაწილეები საუბრობენ, ის ძირითადად უკავშირდება ახალი მოდელის სიახლეებსა და გამოწვევებს. ერთ-ერთი მთავარ პრობლემად ბაზრის მონაწილეები უბალანსობაზე პასუხისმგებლობის საკითხს ასახელებენ - დღევანდელ მოდელში მათ უბალანსობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, ახალ მოდელში კი ასეთი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეები მეტ დროს ითხოვენ იმისთვის, რომ სრულყოფილად მოემზადონ ამ სიახლისთვის და შეძლონ მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმონ თავიანი გენერაცია და მოხმარება. ამისთვის ითხოვენ ისინი დამატებით დროს,“-აცხადებს მილორავა.
შეგახსენებთ, 1-ელი მარტიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგეტიკული ბირჟის საშუალებით იყიდის. პირველ ეტაპზე პლატფორმაზე ვაჭრობას, გენერაციის ობიექტებთან, მიმწოდებლებთან და ტრეიდერებთან ერთად 46 მსხვილი მომხმარებელიც შეძლებს.
ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელშია მოსალოდნელი.
შენიშვნა: აღნიშნული სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტისა და Internews Georgia-ს მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ავტორის მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.
DISCLAIMER: This publication is made possible by the support of the American people through the United States Agency for International Development (USAID), within MediaTOR project, implemented by ISET Policy Institute and Internews Georgia under the USAID Economic Governance Program’s grant activity. The content of this publication/article/reporting (specify) do not necessarily reflect the views of USAID or the United States Government.