ირაკლი ღარიბაშვილი: ენგურჰესის მშენებლობით აშენდა მთელი ეს მხარე
პრემიერ-მინისტრი ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურისა და ზოგადად ჰესების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"ენგურჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. რეალურად, ამ ჰესის მშენებლობით აშენდა მთელი ეს მხარე. ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე მუდმივად არის 1200 ადამიანი დასაქმებული. დღეს კი დამატებით დასაქმებულია 650 ადამიანი. ჩვენი საერთო გენერაციის 40% სწორედ ენგურის მიერ არის გამომუშავებული. ვინმემ რომ წარმოიდგინოს, დავუშვათ, რომ ენგურჰესი არ არსებობდეს ქვეყანაში... ვინმეს თუ აქვს დღეს წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა შევახსენო, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და ზოგადად ჰესებს",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 20 იანვრიდან ენგურჰესი გაჩერებულია. ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვეზე მეტ ხანს გასტანს და აპრილის ბოლოს დასრულდება.