ენერგეტიკა
01/09/2022

იმერეთში ახალგაზრდები მზის პანელების მონტაჟს შეისწავლიან

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) განახლებადი ენერგიის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და პოპულარიზებაზე იმუშავებს. 1 სექტემბერს GREDA-სა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას.

მემორანდუმის ფარგლებში პირველ ეტაპზე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში დაინერგება პროფესიული განათლების კურსი „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“, რომელზეც ადგილობრივი და ზესტაფონელი ახალგაზრდების მიღება უკვე სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება.

კურსის მსმენელები ხუთი თვის განმავლობაში მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის პროფესიას დაეუფლებიან. კურსდამთავრებულები შეძლებენ  მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას. დამატებით მსმენელები გაივლიან თეორიულ კურსებს განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე.

„მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟე ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად დეფიციტური სპეციალობაა ჩვენს სექტორსა და ზოგადად ქვეყანაშიც. შინამეურნეობებსა და კომერციულ ობიექტებზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურების რაოდენობამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრად იმატა. დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არსებული მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს მზის მსხვილი ელექტროსადგურების აშენება. რამდენიმე ასეთი სადგური გეგმებში აქვს როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს. პროფესიას, რომელსაც ჩვენი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდები შეისწავლიან, თამამად შეგვიძლია, ვუწუდოთ მომავლის პროფესია“, - აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), განახლებადი ენერგიის სადგურების დეველოპერ და მფლობელ 40-მდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზნებია საქათველოში განახლებადი ენერგიის პროექტების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

Businesspartner