ენერგეტიკა
03/06/2022

ჰიბრიდული და ელექტრომობილები ბუნებრივ გაზზე მომუშავე ტრანსპორტს ანაცვლებს

2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი.

როგორც სემეკის ანგარიშში წერია, საყოფაცხოვრებო სექტორში 9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მოთხოვნა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების, მომხმარებლების მიერ დანადგარების სიმძლავრის გაზრდით (ძირითადად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე გადასვლა) და ზამთრის თვეებში 200 კუბურ მეტრამდე საყოფაცხოვრებო მოხმარების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებით აიხსნება.

შეეხება ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ გაზზე მოთხოვნის მაჩვენებელს, 2015 წლის შემდეგ, როდესაც ბუნებრივი გაზის გამოყენებამ ავტოტრანსპორტში მიაღწია პიკურ მაჩვენებელს, 2020 წლამდე მუდმივად ხდება ამ სექტორში მოხმარების შემცირება. აღნიშნულის გამომწვევ მიზეზთა შორის იყო ფასების ზრდა ბუნებრივ გაზზე, გადასახადების ზრდა აღნიშნული ტიპის საწვავზე, კონკურენტი საწვავის ფასები (გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG)
მხრიდან გაზრდილი კონკურენცია), ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების იმპორტის ზრდა, რაც უმეტესად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტს ანაცვლებს.

"აღსანიშნავია, რომ ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ გაზზე მოთხოვნის მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეწყდა 2021 წელს და დაფიქსირდა მოთხოვნის ერთი პროცენტული პუნქტით ზრდა, რაც თავის მხრივ, თხევად გაზზე ფასების ზრდის შედეგია", - აცხადებენ სემეკში. 

 

Businesspartner