ენერგეტიკა
10/04/2023

ჰესების ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვები საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ ინფორმაციით, ჰიდრო ელექტროსადგურების  ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვები საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

დოკუმენტი უკვე მზადაა და სხვა უწყებებთან ერთად,  ფინანსთა სამინისტროსთანაც შეთანხმებულია.  კანონპროექტის  თანახმად, ჰიდრო ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა.

„ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით, გადავლახეთ მთავარი ბარიერი, რომელიც იყო ფინანსთა სამინისტრო და რომელიც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა. უწყება  საგადასახადო პოლიტიკიდან გამომდინარე,  გადასახადის დეცენტრალიზებაში პრობლემას ხედავდა, მაგრამ გავიარეთ კონსულტაციები.  მოვახერხეთ კანონპროექტის დახვეწა და დოკუმენტი უკვე ეკონომიკურ საბჭოზეც იყო წარდგენილი. ვფიქრობთ, საგაზაფხულო სესიებზე მოვახერხებთ მის ინიცირებას და  მიღებას.“-განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.   

მისივე  განცხადებით, კანონპროექტი გულისხმობს, რომ იმ  სარგებლის განაწილება, რომელიც ინვესტორმა შეიძლება ნახოს ჰესის ოპერირებით, უნდა მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე.  უფრო კონკრეტულად კი ქონების გადასახადის დიდი ნაწილი ზუსტად იმ თემში უნდა დაიხარჯოს სადაც ესა თუ ის პროექტი განხორციელდება.

„შედგება გამგეობა, რომელშიც იქნებიან ადგილობრივი თემის წარმომადგენლებიც. ისინი თავად გადაწყვეტენ  რა ინფრასტრუქტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებში დაიხარჯება ქონების გადასახადით ადგილობრივ ბიუჯეტში შესული თანხები.“-განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

 

 

Businesspartner