ენერგეტიკა
19/05/2023

Helios Energy: წელს 10 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების დადგმას ვგეგმავთ

"მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც პანდემიის შემდეგ მზის პანელებზე ფასების კლებამაც შეუწყო ხელი," - ამის შესახებ Helios Energy-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

თორნიკე დარჯანიას თქმით, მოთხოვნა დიდია როგორც კერძო პირების, ასევე კომპანიების მხრიდან.

"პანდემიის შემდეგ დაახლოებით 20-30%-ით გაიაფდა მზის პანელები, შესაბამისად დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს. ამასთან, გაიაფდა გადაზიდვებიც, ამიტომ დღეს მზის ელექტროსადგურები ინვესტიციისთვის ხელსაყრელია. შარშან 8 მეგავტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები დავდგით და წელს ჩვენი გეგმაა, რომ მხოლოდ ნეტო აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში კიდევ 10 მეგავატი სიმლავრის სადგური დავამონტაჟოთ.

ამასთან, გვაქვს ინტერესი, რომ აუქციონის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნა გამოცხადებული და წელსაც გამოცხადდება, დავაყენოთ დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები,"-ამბობს თორნიკე დარჯანია.   

შეგახსენებთ, რომ Helios Energy ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და ამ დროისთვის კომპანიას გერმანიაში 3, საქართველოში კი 10 მეგვატზე მეტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აქვს დამონტაჟებული.