ენერგეტიკა
22/02/2023

Helios Energy საქართველოში მზის პანელების მწარმოებელი კომპანიების რელოკაციას ელის

Helios Energy საქართველოში მზის პანელების მწარმოებელი კომპანიების რელოკაციას ელის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, მზის პანელების წარმოება თითქმის სრულად აზიურ ქვეყნებშია გადატანილი, ევროპისთვის კი ეს პრობლემური საკითხია.

„პანელების წარმოება ბოლო 7-8 წელია გადატანილია აზიაში. აქ მხოლოდ ჩინეთი არ იგულისხმება, ტაივანი, სამხრეთ კორია და სხვა ქვეყნებიც მოიაზრება. ევროპა აღმოჩნდა ისეთ მოცემულობაში, რომ მზის პანელების შეძენა სრულად უწევს ჩინეთიდან, რაც პრობლემურ საკითხადაა შეფასებული.

ბოლო პერიოდში იყო სურვილი რომ წარმოება გადმოეტანათ ევროპაში და ამაზე მიდის მუშაობა, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ ევროპაში მუშახელი ძვირია. სწორედ აქ შეიძლება იყოს საქართველოს და ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების როლი საინტერესო.

Made In Georgia-ს წარწერით ევროპაში პროდუქციის შეტანა არის შეღავათიანი. აქედან გამომდინარე, შეიძლება მზის პანელების მწარმოებელი საწარმობის მომრავლება მოხდეს შემდეგ პერიოდში საქართველოში. ეს შეიძლება არ იყოს მაინცდამაინც ევროპული ინვესტიცია. ჩინელებიც ფიქრობენ, რომ გადაიტანონ წარმოების ნაწილი სხვა ქვეყნებში.“-აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

მისივე განმარტებით, პანდემიის პერიოდში პანელების გაძვირება გამოიწვია სწორედ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასების მნიშვნელოვანმა მატებამ. თუმცა ბოლო პერიოდში მზის პანელების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

„ახლა შემცირებულია ფასები საკონტეინერო გადაზიდვებზე, შესაბამისად პანელების ღირებულების კლებაც გრძელდება. ყველას ვეუბნები, რომ ძალიან კარგი პერიოდია მზის პანელებში ინვესტიციისთვის. ლარი გამყარებულია, ეს ფაქტორი აუციებლად უნდა ვახსენოთ, რადგან ამის შედეგიცაა, რომ დასტაბილურებულია პანელების ფასები,. ეროვნული ვალუტის გამყარება და საკონტეინერო გადაზიდვების გაიაფება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ახლა მზის ელექტროსადგურებში ინვესტიცია შეიძლება იყოს ძალიან მომგებიანი. შეგვძლია ვთქვათ, რომ პანელების ფასი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.“-განმარტა თორნიკე დარჯანიამ.

Businesspartner