ენერგეტიკა
28/03/2023

Helios Energy-მ CFD მექანიზმის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონზე, ერთი პროექტის შესახებ გააკეთა განაცხადი

Helios Energy-მ ენერგეტიკის მხარდამჭერ CFD მექანიზმის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონზე, ერთი პროექტის შესახებ გააკეთა განაცხადი.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, საუბარია 1.99 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დადგმაზე, რომელიც ჩარდახის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.

როგორც თორნიკე დარჯანიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, აღნიშნული პროექტი ინვესტორთან ერთად მომზადდა.

„ამ პროექტში Helios Energy არ არის ინვესტორი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მშენებელი კომპანია. აუქციონის პასუხებს ერთთვიან ვადაში ველოდებით. იმედი გვაქვს ის ტარიფი, რაც შევთავაზეთ იქნება კონკურენტული. ვფიქრობ, სწორედ პირველი აუქციონის შედეგები გამოაჩენს თუ რა ტარიფი შეიძლება იყოს მზის ელექტროსადგურებისთვის საბაზრო.

აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით კომპანიების ინტერესი იყო მაღალი. მზის ელექტროსადგურების მიმართულებით ვიცი მინიმუმ ათი პროექტი, რომელმაც წარადგინა საკუთარი წინადადება. ჩვენ ველოდებით, რომ მედიანური ტარიფი 6-დან 7 ცენტამდე ფარგლებში იმერყევებს.“- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ CFD მექანიზმის ფარგლებში პირველ სიმძლავრის აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის პროექტები გამოიტანა. მათ შორის 150 მეგავატი მოდინებაზე მომუშავე ჰესებია. 70 – 70 მეგავატი მზის და ქარის სადგურები. ენერგეტიკის მხარდამჭერ, CFD მექანიზმის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება 27 მარტს დასრულდა.

Businesspartner